თბილისის ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ტრადიციული ეკუმუნერი ლოცვა შესრულდა. საქართველოში ეკუმენური ლოცვის ტრადიცია 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს და წელიწადში ერთხელ იმართება. მასში მონაწილეობს კათოლიკე ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესია, ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია და ლუთერული ეკლესია. ასევე, პერიოდულად მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პროტესტანტული ეკლესიებიც. მას ყოველ წელს სხვადასხვა ეკლესია მასპინძლობს. ეკუმენური მოძრაობის ისტორიაზე ფორმულანიუსი თეოლოგ ბექა მინდიაშვილს ესაუბრა.
ეკუმენური მოძრაობა
"ეკუმენური მოძრაობა ჩამოყალიბდა ქრისტიანული დენომინაციების წიაღში 1910 წელს. მას 20-იანი წლებიდან შეუერთდნენ სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიები. დღესდღეობით ეკუმენურ მოძრაობაში არის ჩართული ყველა მართლმადიდებლური ეკლესია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა.
ეკუმენური მოძრაობა გულისხმობს სწრფვას იმისკენ, რომ სხვადასხვა განშტოებების ქრისტიანულმა ეკლესიებმა მეტი და მეტი საერთო იპოვონ ერთმანეთთან. არ არის საუბარი იმაზე, რომ ერთ დიდ ეკლესიამდე მივიდნენ და გაერთიანდნენ. ლაპარაკია უფრო სიღრმისეულ თანამშრომლობაზე, სოციალური და სხვა მიმართულებით.
ეკუმენური მოძრაობის სათავეებთან, 1930-40-იან წლებში, საქართველოდან წმინდა გრიგოლ ფერაძე იდგა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ეკუმენურ კონფერენციებში. ცნობილია მისი სიტყვები, რომ ოდესმე პორტესტანტული, კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესია გაერთიანდებიან, იმიტომ, რომ ეს არის მაცხოვრის უკანსაკნელი ლოცვა, მისი სურვილი და ეს არის ერთი ხის სამი განშტოება.
1997 წლიდან ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღარ მონაწილეობს ეკუმენურ საბჭოში. ვინაიდან ეკლესიაში გაიმარჯვა რადიკალურმა პოზიციამ, რომ ეკუმენიზმი არის დამღუპველი და ანტიქრისტესთვის გზის შემზადება. ეს აბსოლიტურად ფანატიკური რეაქციული მიდგომაა საკითხისადმი. ასევე, შეჩერებული აქვს მონაწილეობა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. მას არ დაუტოვებია ეკუმენური ორგანიზაცია, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, მაგრამ მან შეაჩერა ამ მოძრაობაში მონაწილეობა იმის გამო, რომ მისი პოზიციები, რაც უკავშირდება ძირითადად პოლიტიკური დომინაციის საკითხს, არ გაიზიარეს.
თვითონ სიტყვა ეკუმენიზმი, ოიკუმენა (οἰκουμένη) ბერძნულად ნიშნავს მსოფლიოს. ამ სიტყვაში ყოველთვის იგულისხმებოდა ერთი საქრისტიანო სამყარო. მსოფლიო პატრიარქსაც ოდითგანვე ეწოდება ეკუმენური პატრიარქი ანუ, საყოველთაო პატრიარქი".
ეკუმენური ლოცვა
"ეკუმენისტური ლოცვა არ არის ევქარისტიული თანაზიარების გამოხატულება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიები ერთიანდებიან. ეკლესიების წარმომადგნლები ერთობლივად შესთხოვენ ღმერთს, ერთი მხრივ, რომ ქრისტიანულმა დენომინაციებმა, კონფესიებმა, მეტი საერთო იპოვონ ერთმანეთთან და მეორე მხრივ, მიზანი მშვიდობისთვის ლოცვაა."