„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში კობა კოშაძე, ბესიკ თამლიანი და გიორგი რურუა მოინახულა. მისი განცხადებით, მათი პოზიცია უცვლელია და საზოგადოებას „ერთად ერთის წინააღმდეგ“ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. ხოშტარია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მსგავსი ქმედებებით მათ დაშინებას ვერ შეძლებს.
„ძალიან მხნედ, არიან, შემართებით არიან, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი ვერავის დააშინებენ, პირველ რიგში, ამათ ვერ დააშინებენ. მთავარი, რაც მათ მითხრეს იყო ის, რომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ერთად ერთის წინააღმდეგ. ეს იქნება ჩემი გზავნილიც დღევანდელ აქციაზე. კომიკურია ხელისუფლების გათვლა, რომ ადამიანები მსგავსი ქმედებებით შეაშინონ. ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ძალიან შეშინებული, აღარ დაიცავს არც სპეცრაზმი და არც პოლიცია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანი 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დააკავეს, ხოლო გიორგი რურუა და კობა კოშაძე 18 ნოემბერს.