ექიმების ინფორმაციით, მძიმეა ორი ბავშვის მდგომარეობა, რომლებსაც ვაკის პარკში შადრევანში დენმა დაარტყა.
ფორმულას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში უთხრეს, რომ შეყვანისას მოზარდები შოკურ მდგომარეობაში იყვნენ.
რაც შეეხება მესამე ბავშვს, ის იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების ცნობით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს.
დღეს, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმხობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
გუშინ, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.