„ქართული ოცნების“ ლობისტების წერილს ექსპერტები აფასებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდის ასეთმა მცდელობამ შესაძლოა, უკუშედეგი გამოიწვიოს, რადგან 8 მარტის შეთანხმების დეტალები, საერთაშორისო პარტნიორებისთვის კარგად არის ცნობილი.
„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ აჩვენოს საერთაშორისო საზოგადოებას, თითქოს 8 მარტის შეთანხმებას ოპოზიცია არ ასრულებს, არადა ეს პირიქით არის რეალურად. მე რომ მკითხოს ადამიანმა, ამაში ფულის ხარჯვა აბსოლუტურად არაფრისმომტანი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკაში იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ქართულ პოლიტიკას, ძალიან კარგად იციან, რას ეხებოდა შეთანხმება, ვინ რას აკეთებს, ვინ ასრულებს და ვინ არა. ასე რომ მგონია, ეს პირიქით იმოქმედებს. კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის“, - აცხადებს ექსპერტი გიორგი რუხაძე.
იგივე პოზიცია აქვს კიდევ ერთ ექსპერტს თორნიკე შარაშენიძეს. ის ამბობს, რომ რაც არ უნდა დიდი თანხები დახარჯოს მმართველმა პარტიამ, არსებული ვითარების შეცვლა გაუჭირდება.
„ბუნებრივია გააქტიურდება „ოცნებაც“ და ლობისტებს ამუშავებს, ფული მეტი აქვს ვიდრე ოპოზიციას და შესაბამისად, ლობისტებიც მეტი ეყოლება. მაგრამ რაც არ უნდა ბევრი ფული იხადო ლობისტებში, თუ სიმართლე ბოლომდე შენს მხარეს არ დგას, ასე მარტივი არ იქნება“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
წერილში, რომელიც გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთანხმების საბოტაჟს ოპოზიცია ცდილობს და პოლიტიკური პარტიები ახლა ცალკეული პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. „BCI გრუპი“, რომელმაც ეს წერილი გამოაქვეყნა, უკვე რამდენიმე თვეა, „ქართული ოცნების“ ლობიზმს ეწევა. შეთანხმების თანახმად, ლობისტური კომპანია მმართველი პარტიისგან თვეში 33 ათას დოლარს იღებს.