საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის, გიორგი რუხაძის, განცხადებით, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იქნება.
როგორც რუხაძემ აღნიშნა, შეერთებულ შტატებს საქართველოზე, როგორც რეგიონში მთავარ მოკავშირეზე დაყრდნობა ძალიან გაუჭირდება, თუ ქვეყნის ხელისუფლება სამართლიანი არჩევნების შედეგად, ფართო კონსენსუსით არ იქნება არჩეული.
"თუ გადავხედავთ რეგიონის ქვეყნებს, საქართველო არის ის ქვეყანა, მიუხედავად მისი პრობლემებისა, რომელიც არის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე და ასევე სახელმწიფო, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დაეყრდნოს. თუმცა, შეერთებული შტატები რომ დაეყრდნოს სახელმწიფოს, ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ხელისუფლება იყოს ფართო ლეგიტიმაციით მოსული.
რეალურად ვხედავთ, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ფაქტობრივად მხარს არ უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა. ეს უკვე პრობლემას წარმოადგენს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც და მე დარწმუნებული ვარ, რომ თავიდან რომც არ გვქონოდა განზრახული ამაზე საუბარი, საპარლამენტო არჩევნების შედეგები, პოლიტიკური კრიზისი რომელშიც ჩვენ ვართ და აქედან გამოსავალი, ბუნებრივია, იქნება მაიკ პომპეოს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა. სახელმწიფო მდივნის შეხვედრების პარალელურად, 18 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ამ ფორმით, ისინი მაიკ პომპეოს ეტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა.