logo
ENG



ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება

18 მარ 202115:00
3 წუთის საკითხავი
 
ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება
ვახო ქარელი/ფორმულა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭო კონკრეტულ თარიღებს გადაადგილების შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით ვერ დაასახელებს. 

"ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა. რადგან ეს არის ერთერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. ვაკვირდებით ვითარებას და გადაწყვეტილებას მივიღებთ არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით.

მიმდინარეობს შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი და სწორედ ღამით გადაადგილების შეზღუდვა არის ბერკეტი იმისა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ.

სამწუხაროდ კონკრეტულ მომენტში თარიღებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებთ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. 

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დააანონსა, თუმცა, ეს კომენდანტის საათს არ ეხება. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების ისე ბიზნეს სექტორის მიერ, თუმცა ხელისუფლება გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებას არ აანონსებს. 

მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებდა, რომ შესაძლოა კომენდანტის საათი მარტის ბოლოდან მოიხსნას. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, ის არც კომენდანტის საათის გადაწევას ემხრობა და ფიქრობს, რომ საკოორდინაციო საბჭომ "ისედაც ბევრი დათმო". 

 
 
 

close დახურვა