logo
ENG



ვაკანტური ადგილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

25 ივნ 202020:31
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი ვაკანტური ადგილი გამოჩნდა, - საბჭოში ანა დოლიძის შემცვლელია შესარჩევი, თუმცა პროცესში ჩართვის აზრს უკვე ვეღარ ხედავენ სამოქალაქო სექტორში. არამოსამართლე წევრის წარდგენის უფლებამოსილება სწორედ მათ აქვთ. 

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ სასამართლო კლანი ყველა განშტოებას უკვე მართავს და გავლენიანი დაჯგუფების გარეშე საბჭოში კანდიდატის დამტკიცების შანსს ვერ ხედავენ. ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ერთადერთ ოპონენტად ნაზი ჯანეზაშვილი რჩება. 

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში ახლა უკვე ერთადერთია ვინც სასამართლოს ღიად უპირისპირდება. ვინ შეცვლის ანა დოლიძეს - ცნობილი ერთ თვეში გახდება. პრეზიდენტმა არამოსამართლე წევრის განცხადება დააკმაყოფილა, კონკურსიც დღესვე გამოაცხადა.

კანონით, მესამე სექტორს უფლება აქვს პრეზიდენტს საკუთარი კანდიდატი წარუდგინოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო - კონკურსში არ ჩაერთვება რადგან ფიქრობს, რომ გამარჯვება მაინც ე.წ. კლანის ფავორიტს შეხვდება.

პესიმისტურად განწყობილი მხოლოდ საია არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ეჭვობს, რომ კლანი გავლენების გაფართოებაზე მუშაობს. უზენაესსა და საკონსტიტუციო სასამართლოში ეს უკვე შეძლეს, გავლენები არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აკლია.  
პრეზიდენტის დახმარებით კი მათი ინტერესების გამტარებელი კიდევ ერთი წევრი იქნება. 

პრეზიდენტისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას არც ოპოზიცია ელის. პოლიტიკურმა პარტიებმა იციან, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება, პარტიულ სურვილს ახლაც ასრულებს და იუსტიციის საბჭოში ხელისუფლების კადრს დანიშნავს. ოპონენტების ბრალდებები „ქართული ოცნებისთვის" ამჯერადაც სპეკულაციაა.
 
ანა დოლიძეს იუსტიციის საბჭოდან წასვლა პოლიტიკური საქმიანობის გამო მოხდა. თუმცა უფლება-მოსილების შემცირებას ხმაურიანი სკანდალი უსწრებდა. ნაზი ჯანეზაშვილმა ანა დოლიძე კანონის დარღვევაში ამხილა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს პოლიტიკური მოღვაწეობა აეკრძალება.  


close დახურვა