UN Women Georgia-ს ინფორმაციით, ვანის რაიონის სოფელ მთისძირში ფერმერმა ქეთი თომეიშვილმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, COVID-19-მა ამ ქალების ოჯახების წევრები სამუშაოს გარეშე დატოვა. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ახლა ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაა.
„ხელფასებიც გავუზარდე, მაგრამ რომ მივხვდი, ეს საკმარისი არ იყო, სათბური მივეცი. მოსავალი 3 კვირაში მოვა და გაყიდვაშიც დავეხმარები. რამდენიმე თვით მოგების გარეშე ყოფნა მე არ გამაღატაკებს, ჩემს გოგოებს კი ძალიან გაუჭირდებოდათ“, - ამბობს ქეთი.
„ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაში 4 ადგილობრივი ქალი მუშაობს.
ქეთი თომეიშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ერთ-ერთი მონაწილეა. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ აგვრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს.