logo
ENG



ვაშაძე: სააკაშვილის განცხადება, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ქვეყნის კიდევ უფრო პოლარიზებას

07 სექ 202112:54
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: სააკაშვილის განცხადება, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ქვეყნის კიდევ უფრო პოლარიზებას

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება საქართველოში დაბრუნების შესახებ ხელს უწყობს ქვეყნის კიდევ ერთხელ პოლარიზებას.  

"მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სამწუხაროდ, ხელს უწყობს კიდევ უფრო პოლარიზებას ამ ქვეყანაში. ამ არჩევნებზე, გარდა რეფერენდუმისა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის პოლიტიკური პოლარიზების დასრულება. ეს რეფერენდუმი ტარდება არა იმაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, არამედ იმაზე, გავუშვებთ თუ არა ქართულ ოცნებას ხელისუფლებიდან. ეს ფოკუსი აუცილებლად უნდა გავასწოროთ ამ არჩევნებზე". - თქვა მან.  

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ვაშაძემ მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. 

მისივე თქმით, ქართული ოცნება სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ კვლავ შეეცდება ხალხის შეშინებას. 

"გუშინდელი განცხადების შემდეგ ალბათ ყველაზე ბედნიერი ქართული ოცნებაა, იმიტომ, რომ დაიწყებს იმ სტანდარტულ კამპანიას, რაც არაერთხელ გვინახავს. ვნახავთ ბანერებს მიშას ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ვნახავთ ძალიან ბევრ შემაშინებელ ფეისბუქ პოსტს, ვნახავთ ძალიან ბევრ ჩასხმულ ფულს იმაში, რომ ხალხი ისევ შეაშინონ.

მაგრამ მე გულწრფელად მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს: 

მეგობრებო, ჩვენ უნდა შევცვალოთ ის რეალობა, რაც ქვეყანაში ხდება. უნდა შევცვალოთ ის, რაც ამდენი წელია, არ გვაძლევს შესაძლებლობას, წინ წავიდეთ. არ გვაძლევს გასაქანს, წინ წავიდეთ. 

ქვეყანა არ არის არც ბიძინა და არც მიშა. არც ქართული ოცნება და არც ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ერთ ადგილზე ყოფნის მოჯადოებული წრე". - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნება კიდევ ერთხელ 6 სექტემბერს დააანონსა, თუმცა, როგორც თავად თქვა, კონკრეტულ თარიღს მოგვიანებით დაასახელებს. 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული. 

მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სისხლისსამართლებრივად დევნის. 

საქართველოში დაბრუნების შესახებ მან განცხადება წარსულშიც არაერთხელ გააკეთა, თუმცა, ქვეყანაში შემოსვლა ჯერ ერთელაც არ უცდია. 


close დახურვა