„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ მამრთველ გუნდს წარმატებული ადამიანების ეშინია.
ვაშაძის თქმით, მმართველ გუნდს 2012 წლიდან ქვეყანაში არაფერი გაუკეთებიად და მსოახლეობა ღარიბდება.
„საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკითხთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ატეხა. მესმის, მათ ეშინიათ საქართველოში წარსულში პოზიტიური გამოცდილების... რა არის, რატომ აშინებთ მათ მიხეილ სააკაშვილის აჩრდილიც კი, იმიტომ, რომ 2012 წლის შემდეგ ამ ხალხს ქვეყანაში არაფერი გაუკეთებიათ. ხალხო, გავღარიბდით. 8 წლის განმავლობაში, იმის ნაცვლად რომ წინ წავსულიყავით, უკან წავედით, თითოეული საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა გაუარესდა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილზე რომ გამოხტნენ და შეშინებულები არიან, რატომ? იმიტომ, რომ რეგიონში ყველა აფასებს 2003-2012 წლებში საქართველოში ჩატარებულ რეფორმებს, როგორც ამ რეგიონში ერთადერთ უნიკალურ გამოცდილებას. ახლა სომხეთმა გაგვისწრო და ესეც სამარცხვინოა, რომ სომხეთია ლიდერი რეფორმების და არა საქართველო. შესაბამისად, სააკაშვილის ეშინია ოცნებას. რა უნდა თქვას არჩევნებზე, რომ 2012 წელთან შედარებით საქართველოს მოქალაქე რომ უფრო ღარიბად ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშიც ძალიან ბევრ რეფორმას გააკეთებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ის ფაქტორი ყოველთვის იმუშავებს, რადგან საქართველოს აქვს გამოცდილება აღმშენებლობის და გარღვევის.
იმ მთავრობაში მეც ვმუშაობდი და ჩვენი მთავრობის 90% არის წამყვან პოზიციებზე არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ლათინურ ამერიკაშიც კი რეფორმების თვალსაზრისით საერთაშორისო ორგანიზაციაში. თქვენ მითხარით ერთი რეფორმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაატარა. ხალხი ყველაფერს შეაფასებს რა მოხდა 8 წლის განმავლობაში, ამის ეშინია „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს, თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ის შეცდომად შეაფასა.