logo
ENG



ვინ და რის გამო დააკლდა პარლამენტში კობახიძეს "ნახევრად სერიოზულად"

24 დეკ 202021:00
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/24/g5djcdvauwjtyla.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები ცინიკურად კიდევ ერთხელ მოიხსენია.

მან ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაახასიათა და "ნახევრად სერიოზულობით" თქვა, რომ ისინი პარლამენტში ძალიან დააკლდათ.

"ძალიან მოკლედ მინდა შევეხო პარლამენტშია არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს ძალიან დააკლდა ოპოზიცია.

დღევანდელ სურათს დააკლდა გიგა ბოკერიას და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით;

ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ ქართული ოცნებაა ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია ნაციონალური მოძრაობა კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი, თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს;

ძალიან დაგვაკლდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის, ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში გაჟღერებული რუსეთის ჰიმნი;

პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი თბილისო;

ძალიან დაგვაკლდა პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური შემადგენლის, პრორუსული პროპაგანდა;

ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე-აღმაშენებლის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდ ტესტი;

ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესრულებით;

ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას "ვაჟკაცური" პროვოკაციები;

ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე;

ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე, უბრალოდ დაგვაკლდა;

ძალიან დაგვაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება;

ძალიან დაგვაკლდნენ სულხან სიბაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და დავით ხაჯიშვილი, ესენი რას გაგვიკეთებდნენ, ფაქტია რომ მაინც დაგვაკლდნენ.

ეს ნახევრად სერიოზულად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნული განცხადება კობახიძემ ერთპარტიული პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გააკეთა, რადგან ოპოზიციამ, რომელიც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, მანდატებზე უარი თქვა. 


close დახურვა