logo
ENG



ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ტელეფონით ესაუბრა

05 იან 202219:44
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს ტელეფონით ესაუბრა. სამინისტროს განცხადებით, საუბარი აშშ-ს მხარის ინიციატივით შედგა.

საუბრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რუსეთის მცდელობები საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვენდი შერმანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტროიული მთლიანობის მიმართ.

"სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებენ მოწოდებას რუსეთის მიმართა, რომ გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სახელმწიფო მდივანმა შერმანმა და მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვეს, რომ უნდა შენარჩუნდეს სუვერენული ქვეყნების უფლება თვითონ აირჩიონ თავდაცვის მექანიზმები", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანმა აღინიშნა, რომ რუსეთის მცდელობები შეაფერხოს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ინტეგრაცია წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებთან და მიუღებელია რიტორიკა, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს უფლების შეზღუდვას აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.


close დახურვა