რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
"ტერორისტული ქვეყანა- რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებს მასიურ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს, დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დილით აგრესორმა უკვე გაისროლა 75 რაკეტა. მათგან 41 განეიტრალდა ჩვენი საჰაერო თავდაცვის მიერ. შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ თანამოქალაქეების დასაცავა."- განაცხადა ზალუჟნიმ.
დღეს დილით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.
დედაქალაქში, საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.