უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, რუსების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.
"რუსეთმა დღე მასიური ტერორით დაიწყო. კიევის ცენტრში არიან დაღუპულები და დაშავებულები - მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც დილით თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებული. დნიპრო, ზაპოროჟიე, ლვივი, ხმელნიცკი - რუსების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა. ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე," - თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ.
დღეს დილით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.
დედაქალაქში, საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.