logo
ENG



ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა

09 დეკ 202100:24
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა უკრაინის მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის მტკიცე განცხადებისთვის. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ სანდო პარტნიორებთან ერთად. ასოცირებული ტრიოს მეგობრული ქვეყნებისთვის მომავალი უალტერნატივოა. ერთად ვემზადებით ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის". - წერს ზელენსკი ტვიტერზე

სალომე ზურაბიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა და მიუთითა, რომ უკრაინის საზღვართან ვითარება საგანგაშოა. 

"მინდა, ხელახლა დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა და ერთგულება; მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, რომელთანაც გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის და ევროპული ინტეგრაციის გზა. მჯერა, რომ უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს და საკუთარ არჩეულ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს. მჯერა, ასევე, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია". - განაცხადა პრეზიდენტმა.  

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში 15 დეკემბერს გაიმართება. 

რა ხდება უკრაინაში

ერთ თვეზე მეტია, უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა მობილიზებული. 

26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების მიზეზი უკრაინის NATO-სკენ სწრაფვაა.

კრემლმა ვაშინგტონისგან მოითხოვა გარანტია, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს არ შეუერთდება და რომ ალიანსი თავს შეიკავებს გარკვეული სამხედრო მოქმედებებისგან უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო.


close დახურვა