logo
ENG



ზურაბიშვილი ჟურნალისტების ცემაზე: ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი

05 ივლ 202119:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/05/iez06h6yqwx04ja.jpg

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ნიუ ჰოსპიტალსში" სამკურნალოდ გადაყვანილი მედიის წარმომადგენლები მოინახულა. 

ზურაბიშვილმა დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.

"ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა.

ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა. 

ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირება - ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა. 

დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. ბოლო მონაცემებით, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმისას მედიის 42 წარმომადგენელი დაშავდა

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.


close დახურვა