"ხაბეიშვილის საქმე იქნება ტესტი ხელისუფლებისთვის", - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს.
NGO-ები ხელისუფლებას მომხდარის დროული და სამართლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებენ. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს საქმე გამოაჩენს, როგორ აპირებს მმართველი გუნდი საარჩევნო წლის გატარებას.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი სულხან სალაძე ამბობს, რომ დაპირისპირების ფაქტებმა შესაძლოა საარჩევნო წელს იმატოს.
"სამწუხაროა რომ ამის მაგალითს იძლევიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ის ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული პატივისცემა უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. იმის ფონზე რომ საარჩევნო წელია, დაახლოებით წარმოგვიდგენია რა წელი იქნება. ჯერ ეს საარჩევნო პროცესი არ შესულა აქტიურ ფაზაში, მაგრამ როგორც ჩანს ფიზიკური დაპირისპირება, თავ-ყბის გაერთიანება და ცემა-ტყეპა ერთ-ერთი საკითხი იქნება, რასაც არჩევნების წინ ვნახავთ. ამით არავინ იგებს, თუმცა ეს ზრდის იმ აგრესიას, რომელიც არაერთხელ გვინახავს", - აღნიშნა სალაძემ "ფორმულასთან" საუბარში.
მის აზრს იზიარებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" იურისტი ედუარ მარიკაშვილიც. ამასთან, მარიკაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკური პროცესები ძალადობისგან უნდა იყოს დაცლილი.
„ეს არის თავდასხმა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რაც დაშინებადაც შეგვიძლია აღვიქვათ. მნიშვნელოვანია, რომ პროცესები ძალადობისგან იყოს დაცლილი, მაგრამ ამის მზაობას ვერ ვხედავთ ხელისუფლებისგან, რათა აღკვეთილი იქნას აგრესია პოლიტიკური ოპონენტების მიმართ“, - განაცხადა მარიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი გუშინ კომიტეტის სხდომაზე ცემეს.