ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც დესტრუქციული ძალების ქმედებებს უკავშირდება, პარლამენტის თავმჯდომარე ეწინააღმდეგება. მისი განცხადებით, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანის უფლება თანასწორია და სახელმწიფო მას იცავს. არჩილ თალაკვაძემ დღეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სამართალდამცავ უწყებებს. ასევე ის გამოეხმაურა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ დესტრუქციული ძალების წახალისებასა და თანამშრომლობაში ადანაშაულებენ და ამ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენს პოლიციელებს, მათ შეძლეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და იყო სათანადო ზომები მიღებული, პრევენციის თვალსაზრისით, ასევე, იყო იმ რამდენიმე ფაქტზე რეაგირება, მე ვფიქრობ, რომ სხვა განმარტებები ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება გააკეთოს, ჩვენ ვთქვით გარკვევით, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქნება დაცული და სახელმწიფომ ეს გააკეთა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.