„უნივერსალურად საზღვრის გახსნა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდება, ვერც 15 ივლისს და ვერც 15 აგვისტოს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება გადაწყვეტილებას კონკრეტული ქვეყნების ეპიდემიოლოგიური სტატუსის გათვალისწინებით მიიღებს.
„ჩვენი ეპიდემიური სურათი და ის, რომ დღეს გვაქვს დღეში ერთეული ახალი შემთხვევა დაფიქსირებული, უკავშირდება იმას, რომ საზღვარზე ხდება ძალიან აქტიური კონტროლი. პრაქტიკულად ჩვენთან იმპორტირებული შემთხვევები ყველა არის იდენტიფიცირებული. ვიდრე მივიღებთ გადაწყვეტილებას სად, როგორ და რა ინტენსივობით გააქტიურდება მოგზაურობა, გავითვალისწინებთ იმ ქვეყნის ეპიდემიურ სტატუსს. ბიზნესმოგზაურებთან მიმართებაში ყველა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა აქვს. აქ არის ერთადერთი დაცვის მექანიზმი ტესტირება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის მოქალაქეებისთვისაც, პანდემიის მიუხედავად, 1-ელი ივლისიდან საზღვრები გაიხსნება. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში არის საქართველოც.
საკითხთან დაკავშირებით გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
ამ დრომდე საქართველოს ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ რეგულარული საერთაშორისო ფრენები ქვეყანამ შესაძლოა, ივლისის ბოლომდე არ აღადგინოს.
