რეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს ქართული საზოგადოებისა და ქართული ოცნების ხელისუფლების შანტაჟში ადანაშაულებს.
ხაინდრავას წერილს საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს.
რეჟისორი წერს, რომ კუბილიუსი ევროპარლამენტარის სტატუსით სარგებლობს და სისხლის სამართლის დამნაშავეებს პოლიტპატიმრებად აცხადებს, "სუვერენული ქვეყნის სასამართლოს" გადაწვყეტილების მიუხედავად.
ხაინდრავა ევროპარლამენტარს სწერს, რომ საქართველოში მის საქციელს ყველა შესაბამისად შეაფასებს და ემუქრება მას, რომ მისივე თანამოქალაქეები აუცილებლად გაიგებენ, თუ ვის ქომაგობს იგი ევროპარლამენტიდან საქართველოში.
დღეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება მართლმსაჯულების პოლიტიზებად შეაფასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს კითხვით მიმართა, არის თუ არა იგი მზად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და შეიწყალოს გიორგი რურუა.
გთავაზობთ ამონარიდს ხაინდრავას წერილიდან:
„თქვენ, ბატონო კუბილიუს, უკვე როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ევროპარლამენტის დეპუტატი, „პოლიტპატიმრებად“ რაცხთ სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ვისაც საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში, ბრალი მიუძღვით უმძიმეს კრიმინალურ დანაშაულებებში და ეს მათი ბრალი დადასტურებილია სუვერენული ქვეყნის სასამართლოს მიერ.
მეტიც, ეს ადამიანები წარმოადგენენ სწორედ იმ რეჟიმს, რომლის მიმართ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოტანილი აქვს არაერთი ვერდიქტი, სადაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები იმხილებიან სისტემურ, უმძიმეს დანაშაულებებში, ისეთებში, როგორიც არის წამება, პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობები, გატაცებები, ბიუჯეტის ქურდობა, რეკეტი, სხვისი ქონების ძალადობრივი მითვისება! რის გამოც, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, გადასახადების გადამხდელები იძულებულები ვართ, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების სახით, მილიონობით ლარი გადავუხადოთ დაზარალებულების და მიცვალებულების ოჯახებს, რაც სამართლიანია! ეს განაჩენები და სტატისტიკა ადვილად ხელმისაწვდომია, მით უმეტეს ევროპარლამენტარებისთვის, მხოლოდ მონდომება და პოლიტიკური კეთილსინდისიერება არის საჭირო მათ გასაცნობად.
თქვენ, ბატონო კუბილიუს, იყენებთ რა ევროპარლამენტარის მაღალ სტატუსს, ფაქტობრივად აშანტაჟებთ ქართულ საზოგადოებას და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, როდესაც დაჟინებით მოითხოვთ, „პოლიტპატიმრების“ (სინამდვილეში სისხლის სამართლის დამნაშევეების) გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ჟორიკა რურუას განთავისუფლებას. გვემუქრებით რა, ევროპის ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ამ საერთო საკაცობრიო უბედურების, პანდემიის ჟამს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის გამოყოფილი დახმარების შეჩერებით?!
მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს თქვენი საქციელი შესაბამისად არის შეფასებული ქართული საზოგადოების მიერ. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, როგორც არავინ მსოფლიოში, კარგად ვიცით, რა აქვთ ჩადენილი და რას წარმოადგენენ, თქვენთვის „პოლიტპატიმრები“ და ჩვენთვის კრიმინალები რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი. ასევე გარწმუნებთ, რომ თქვენ ამომრჩევლებსაც ლიეტუვაში, კოლეგებს და ოპონენტებს ევროპარლამენტში, აუცილებლად ეცოდინებათ, ვის ქომაგობთ თქვენ საქართველოში. აი რა მიზნით და რა მიზეზით, ამის ახსნა მათთვის, თქვენთვის მომინდია“, – ნათქვამია წერილში.