logo
ENG



ივანიშვილის ქოცენზორები ზღუდავენ აჭარის ტელევიზიას - მაუწყებელთან აქცია გაიმართა

24 თებ 202013:56
3 წუთის საკითხავი
 

რას შესთავაზებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექცია თანამდებობაგაუქმებულ მოადგილეებს, ეს დღეს გახდება ცნობილი. ამავდროულად, დღეს მორიგი აქცია გაიმართა ტელევიზიის თანამშრომლების მხარდასაჭერად.   

„ივანიშვილის ცენზორები" - ამ წარწერებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს წევრებისა და დირექტორის ფოტოები მოძრაობა „ალტერნატივას" წევრებმა მაუწყებლის შენობის წინ გამოფინეს. აქტივისტებმა, პროტესტის ნიშნად პირზე წებოვანი ლენტიც მიიკრეს.

„დღეს ივანიშვილის ქოცენზორები ზღუდავენ აჭარის ტელევიზიის სიტყვის თავისუფლებას. ჩვენ ახალგაზრდები ვპირდებით, რომ ვიბრძოლებთ მედიის სიტყვის თავისუფლებისთვის. ეს არის ბრძლა გამარჯვებისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. მედია ეკუთვნის ხალხს და არა რომელიმე პიროვნებას ან პარტიას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ახალ მენეჯმენტს ზეწოლასა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ. ისინი აპროტესტებენ საშტატო ერთეულების გაუქმებას. თანამშრომლები გაფიცვითაც იმუქრებიან. 

სახალხო დამცველის რჩევის მიუხედავად ბორდის წევრებმა დეპარტამენტების უფროსების მოადგილეების პოსტები მაინც გააუქმეს, მათ შორის აღმოჩნდნენ ისინიც, ვინც პოლიტიკურ გადაცემებს და კრიტიკულ ახალ ამბებს ქმნიდნენ. გიორგი კოხრეიძის მოთხოვნას - ბორდის მხოლოდ იმ წევრებმა დაუჭირეს მხარი - ვინც ბორდში „ქართული ოცნების“ კვოტით იმყოფება.

ახალი დირექტორი ბორდს რამდენიმე საათის განმავლობაში არწმუნებდა, რომ სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები სამსახურებს შეინარჩუნებენ.

დირექტორმა ვერ დააკონკრეტა რა ფორმით აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას საინფორმაციო სამსახურის გუნდთან და დრო ორშაბათამდე ითხოვა. სხდომა პასუხების გარეშე დატოვა და ტელეკომპანიის თანამშრომლებს უთხრა, რომ დეტალები კონტრაქტებში გაიწერება, რომელიც ჯერ მზად არ აქვს.

ამავდროულად, აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი გახდა.


close დახურვა