პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პროკურატურაში საპასუხო განცხადება შეაქვს და "მწამებელი პარტიების" არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს.
ის "მწამებელ პარტიებს" ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას უწოდებს.
"პროკურატურაში მე შემაქვს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანთა მწამებელი ეს პარტიები, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ადამიანთა წამება, ძალადობა, მრავლად დევს ფაქტები პროკურატურაში, მოიხსნან არჩევნებიდან. აი, ეს იქნება ჩემი განცხადების მოტივაცია", - ამბობს ინაშვილი.
ცნობისთვის, ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურას პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. ხოშტარიას მოთხოვნა ცენტრ "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ეყრდნობა, რომლის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ კრემლი აფინანსებს.