logo
ENG



ინაშვილი: მეორე პუნქტში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები უგულავას გათავისუფლებას ითხოვდნენ

11 მაი 202015:47
3 წუთის საკითხავი
 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ოპოზიციასა და ხელისუფლების 8 მარტის შეთანხმებას ეხმაურება.

ინაშვილის თქმით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი, რომლის მეორე პუნქტი, იყო ძალზედ ბუნდოვანი, არ ეხებოდა საარჩევნო სისტემას. 

„ელჩების ინციატივით იმართებოდა შეხვედრები საარჩევნო სისტემის თემაზე! ხაზს ვუსვამ: საარჩევნო სისტემის თემაზე! და ამ შეხვედრებს ყველა საპარლამენტო პარტია ესწრებოდა და არა მარტო საპარლამენტო.

მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე „ნაცმოძრაობაც“ და ბოკერიას პარტიაც, ასევე, მათ ირგვლივ გაერთიანებული პარტიები ნამდვილად გადადიოდნენ სხვა საკითხზე. კერძოდ, უგულავას გათავისუფლების საკითხზე და არა მარტო უგულავასი. ასევე, ითხოვდნენ პირად ხელშეუხებლობას. მაგალითად, ბოკერია. მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე (ჩემი თანდასწრებით) არც არჩილ თალაკვაძე და არც ირაკლი კობახიძე არ დათანხმებულან!

მე ასევე ვადასტურებ, რომ შეხვედრები იყო ჩემს გარეშეც, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ ჩემს გარეშეც და ბოლოს, მე ვადასტურებ, რომ 8 მარტის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი, რომლის მეორე პუნქტი, ჩემი აზრით, იყო ძალზედ ბუნდოვანი, არ ეხებოდა საარჩევნო სისტემას. ამ პუნქტში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები გულისხმობდნენ უგულავას და არა მარტო უგულავას გათავისუფლებას და ამას ღიად ამბობდნენ, ხოლო „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ამ პუნქტში სულ სხვა რამეს გულისხმობს. ყველასათვის ცნობილია, რომ მე არ მოვაწერე ხელი ამ მეორე პუნქტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა და რას და რატომ მოაწერა ხელი, იმედია, ამაზე განმარტებას თავად გააკეთებენ“, - განაცხადა ინაშვილმა.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა. 

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება პოლიტპატიმრებზეც მოხდა და უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება არ შედგება.

 

მმართველი გუნდის წევრები კი ოპოზიციას დესტრუქციულობაში ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საფრთხის ქვეშაა.

თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების ვალდებულება მოლაპარაკებების დროს არ აუღიათ.


close დახურვა