"ინფექციურმა კლინიკამ კოვიდითა და აივ შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
ცერცვაძე ამბობს, რომ სტაციონარული ავადმყოფების მიღება კლინიკამ აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო შეწყვიტა.
"ვადასტურებთ, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა კოვიდ-19-ით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს", - აცხადებს ცერცვაძე.
მისი განცხადებით, კლინიკა აივ შიდსით ინფიცირებული ამბულატორიული პაციენტების მიღებას აგრძელებს, რადგან პაციენტების მომსახურების შეწყვეტა ძალიან დიდ რყევებს გამოიწვევდა.
"ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თბილისის ინფექციურ კლინიკას კოვიდითა და აივ შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღების შეჩერებაზე სოციალური სააგენტოსთვის არ მიუმართავს, არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
ცერცვაძე ასევე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თებერვალში ინფექციურ საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა და ამას "კურიოზულ შემთხვევას" უწოდებს.