logo
ENG



იოზვიაკის თქმით, თუ ორბანი უკრაინას დაბლოკავს, საქართველო სტატუსის გარეშე დარჩება

12 დეკ 202309:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/12/8rfbz0ojev3ipdb.jpg

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის შეფასებით, თუ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინას დაბლოკავს, საქართველო კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩება.

"ყველაფერი სამიტზე მოხდება. ევროკავშირის ელჩები და მინისტრები ორბანის საკითხს დაუტოვებენ ევროპის ქვეყნების ლიდერებს, შეძლებენ თუ არა მის დარწმუნებას, რომ უკრაინას აუნთოს მწვანე შუქი.

თუ უკრაინას მწვანე შუქი აენთება, მაშინ გამოდის, რომ სხვა ქვეყნებსაც იგივე ბედი ელით. თუ ევროკავშირი ვერ შეთანხმდება მის გაწევრიანებაზე, მაშინ ევროკავშირის გაფართოებასა და მის საგარეო პოლიტიკას აზრი ეკარგება", - ამბობს იოზვიაკი.

5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.

14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 15 დეკემბერს, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.


close დახურვა