ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, გუშინ ღამით ღაზის სექტორში 100-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს.
თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმების ქვეშ იყო ზაიტუნისა და ხან-იუნისის რაიონებიც. ამასთან, მათი ინფორმაციით, განადგურებულ სამიზნეებს შორისაა ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის შტაბ-ბინები, სამხედრო შენაერთები და სადამკვირვებლო პუნქტები.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.