სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ორი რაკეტა იქნა გაშვებული. ინფორმაციას ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
პარალელურად, ისრაელის სამხედროები ირწმუნებიან, რომ ლიბანის მხრიდან ქალაქ ალ-ამშასკენ გაშვებულია ორი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა. აღნიშნული ქალაქი მდებარეობს ე.წ. "ცისფერ ხაზთან", რომელიც გამოყოფს ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიას სამხრეთ ლიბანისაგან.
თურქეთის საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, საპასუხო დარტყმა განახორციელეს ისრაელის სამხედროებმაც - შედეგად ლიბანის ქალაქი, ალ-დაჰირა დაიბომბა.
ცნობილია, რომ ბოლო დღეებში ებრაულ ძალებსა და ლიბანურ შეიარაღებულ დაჯგუფება "ჰესბოლას" შორის ე.წ. "ცისფერი ხაზის" გასწვრივ არაერთი შეტაკება მოხდა.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.