logo
ENG



კაკაბაძე: ხელისუფლებას სურს აჭარის მაუწყებელი ასლანის დროინდელ ტელევიზიად აქციოს

15 თებ 202014:55
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები საზოგადოებას მათი მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ. ტელევიზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ არხზე დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტები იდევნებიან. თანამშრომლების შეშფოთებას იზიარებენ არასამთავრობო სექტორშიც, აჭარაში მოქმედმა 6-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმობილია მაუწყებლის დირექტორის საკადრო პოლიტიკა და ის მოხსენიებულია, როგორც რევანშისტული. 

როგორც „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი ხათუნა შუშანიძე აცხადებს, გიორგი კოხრეიძე რადიკალურ ნაბიჯებზეა გადასული.

„როდესაც მიხვდა, რომ რეორგანიზაცია შედეგს ვერ გამოიღებდა, გადავიდა რადიკალურ ნაბიჯებზე. რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა, იმ სარედაქციო პოლიტიკაზე მიდის დარტყმა. სამი ხმა, რომელიც გიორგი კოხრეიძეს ჩანაფიქრის განსახორციელებლად ჭირდება, მარტივი მისაღებია. იმიტომ, რომ ქართული ოცნების კვოტით გყვავს“, - აცხადებს შუშანიძე. 

ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ცდილობს, წინაასაარჩევნოდ მაქსიმალურად მოთოკონ მედიასაშუალებები. ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ჯდება იმ კონტექსტში, რასაც ხელისუფლება მედიის მიმართ ახორციელებს.

„რასაკვირველია, ეს კონტექსტში ჯდება. იმ კონტექსტში, რომელსაც ჰქვია ხელისუფლებისა და მისი მომხრეების მიერ თავისუფალი მედიისა და თავისუფალი აზრის შეზღუდვა. ის მთლიანად მისდევს იმ ტრენდს, რომელსაც ამკვიდრებს ხელისუფლება და მისი იდეოლოგები. ისინი ცდილობენ, ერთად მოიიღლიაონ ყველა მედიასაშუალება. მეორე მხრივ, ვისაც ვერ თოკავენ, ცდილობენ მაქსიმალურად შეზღუდონ, მაგალითად, თქვენი არხი“, - აცხადებს ტაბლიაშვილი.

მედიაექსპერტ ნინია კაკაბაძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ რეგიონში მისი ინტერესების გამტარებელი მედიასაშუალება ჰყავდეს.

„ეს პროცესი დაიწყო ერთი წლით ადრე, რათა არჩევნებამდე ჰქონოდათ ეს მოცემულობა - პროსახელისუფლებო დირექტორი და მთელი სახელისუფლებო ინტერესების დამცველი სამეურვეო საბჭო. ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ რეგიონში იყოს პროსახელისუფლებო მაუწყებლობა და აქცევენ ისევ ასლანის დროინდელ ტელევიზიად. აუცილებლად გამოჩნდება ყველა ანგარიშში, ევროპარლამენტარებიც და კონგრესმენებიც იტყვიან ამის შესახებ. ოცნება კი ამ ყველაფერს ისევ ოპოზიციას დააბრალებს“, - განაცხადა კაკაბაძემ.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ტელევიზიის დირექტორის  გადაყენების შემდეგ, საბჭომ ახალ ხელმძღვანელად გიორგი კოხრეიძე დანიშნა. თანამშრომელთა ნაწილი არჩევნებამდე აცხადებდა, რომ კოხრეიძის არჩევა საფრთხეს შეუქმნიდა არხის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ არხი ტელევიზიის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ნათია ზოიძემ დატოვა. იქამდე კი არხიდან წავიდნენ ჟურნალისტები ზვიად ქორიძე და მარინა ვაშაყმაძე.

გარდა ამისა, ახალი გენერალური დირექტორი შტატების გაუქმებას აპირებს და კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ათავისუფლებს. აჭარის ტელევიზიასა და რადიოში 4 სამსახურის უფროსს მოადგილე აღარ ეყოლება.

ახალი ამბების სამსახურის უფროსის მიმართ დისციპლინური სამართლთალწარმოება დაიწყეს. შორენა ღლონტს ხელმძღვანელობა  ახალი ამბების სამსახურის მიერ  NDI-სთან ერთი წლის წინ გაფორმებული  ხელშეკრულების გამო ედავება.

კიდევ ერთი მწვავე საკითხი საგამოძიებო ფილმების პროექტის შეჩერებაა. საგამოძიებო ფილმების პროექტის ხელმძღვანელი ამბობს,რომ კოხრეიძემ მიზეზად საარჩევნო წელი და აჭარის მაუწყებლის საინფრომაციო სამსახურის მიმართ უნდობლობა დაასახელა.

აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად განცხადებები გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. 

close დახურვა