თბილისის მერი ამბობს, რომ თავის დროზე, როდესაც "პროგრეს ბანკის" გასხვისება მოხდა, ხაზარაძის მხრიდან არანაირი კითხვის ნიშანი არ იყო. "ლელოს" დამფუძნებელი კი განმარტავს, რომ „თიბისის" მიერ 2016 წელს შესყიდულ „პროგრეს ბანკში" ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საეჭვო ტრანზაქციები სრულდებოდა.
საუბარია კახა კალაძის მფლობელობაში არსებულ ბანკზე, რომლის თითქმის 22%-იანი წილი 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. „პროგრეს ბანკის" აქტივები „თიბისიმ" სამი წლის წინ შეიძინა. ამასთან, ხაზარაძე იხსენებს, რომ 2016 წელს, როცა "თიბისი," "რესპუბლიკა ბანკის" შეძენას გეგმავდა და გარიგება თითქმის დახურული იყო, ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია უმიზეზოდ შეაჩერა. ამის შემდეგ კი ივანიშვილმა მას "პროგრეს ბანკის" შეძენა სთხოვა.
აღნიშნულ გარემოებას ოპოზიცია ივანიშვილის მიერ ბიზნესმენების დევნას და მათი პოლიტიკაში მოსვლის ხელშეშლას უკავშირებს.
"კავშირი არის აქ მთავარი ის, რომ მეთოდებით იბრძვის ხელისუფლება დღეს იმ ბიზნესმენების წინააღმდეგ ვინც გადაწყვიტეს რომ პოლიტიკაში მოსულიყვნენ და ივანიშვილის წინააღმდეგ დაეწყოთ ბრძოლა. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ფაქტები როდესაც ფულის გათეთრების სქემა შეიძლება არსებობდეს "პროგრეს ბანკის" გაყიდვის პროცესში და პროკურატურა ყურს არ იბერტყავს, ყველაფერი ჩაფარცხულია. მეორე მხრივ, გვაქვს თემა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, სადაც თითქმის 12 წლის წინანდელ საქმეზე პროკურატურამ დაიწყო სამართლებრივი დევნა,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი.
თბილისის მერის თქმით, თავის დროზე როცა კომპანიის გასხვისება მოხდა, კითხვები არავის გასჩენია. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, საქმით შესაბამისი სამსახურები უდნა დაინტერესდნენ.
"ეროვნულ ბანკს არანაირი დასაბუთება არ გააჩნია. როცა გასხვისება მოხდა, მაშინ კითხვის ნიშანი არ გაჩენილა. როცა 2 წლის წლის თავზე უცებ ვგებულობთ, რომ სადღაც თითქოს სადღაც რაღაც პრობლემა იყო. რადგან ეროვნულ ბანკს კითხვები არ გასჩენია, რადგან ასეთი საბუთი არ არსებობს და ეს აქვს მხოლოდ "თიბისი ბანკს," მათ რა თქმა უდნა, უნდა მიაწოდონ ეს საბუთები ეროვნულ ბანკს და შესაბამის სამსახურებს იმისთვის, რომ გავიგოთ რაზეა საუბარი ზოგადად,-" განმარტავს კალაძე.