logo
ENG



კელის თქმით, EU-ს დახმარებაზე უარი დასავლურ რეფორმებთან დაშორების სტრატეგიის ნაწილია

31 აგვ 202120:22
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის დახმარებაზე უარს და ამბობს, რომ ეს დასავლურ რეფორმებთან დაშორების სტრატეგიის ნაწილია. 

"ძნელია ეს გადაწყვეტილება დაინახო სხვაგვარად, თუ არა იმ სტრატეგიის ნაწილი რომ საქართველო დასავლეთზე ორიენტირებულ აუცილებელ რეფორმებს დაშორდეს", - წერს იან კელი ტვიტერის გვერდზე. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.

ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია.

ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

გუშინ, 30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი". 


close დახურვა