logo
ENG



კობახიძე: შიმშილობის იმიტირებული ქრონიკაა, კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს

27 ოქტ 202123:05
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: შიმშილობის იმიტირებული ქრონიკაა, კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში რეალურად არ შიმშილობს. რუსთავი 2-ის ეთერში კობახიძემ განაცხადა, რომ 30 სექტემბრის შემდეგ მმართველი პარტია სააკაშვილზე აღარ ისაუბრებს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ არის რაღაც შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა. რასაც ჰქვია შიმშილი, ის არ შიმშილობს. იყო ფაქტები, რაზეც იუსტიციის სამინისტრომ ისაუბრა. ის იღებდა თაფლს, მედიკამენტური კუთხით მიიღო შესაბამისი ვიტამინები და ა.შ. ეს არის ზუსტად იმიტაცია, აქტუალური 30 ოქტომბრამდე იქნება მხოლოდ. ამის შემდეგ იმიტაციისთვისაც ინტერესი აღარ დარჩება.

ჩვენ ასევე ვიხილეთ შიმშილობით სიკვდილის იმიტირებული ქრონიკაც, რაღაც ილუზიებში აცხოვრებენ საზოგადოებას. სინამდვილეში არც შიმშილობის რისკი და არც შიმშილობით სიკვდილის რისკი არ არსებობს. ეს არის იმიტირებული ქრონიკა. კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს", - თქვა კობახიძემ.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 27 დღეა, საკვები არ მიუღია. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს. 

დღეს სააკაშვილმა უარი თქვა შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობასა და შემოწმებებზე და მოითხოვს, რომ ადვოკატებთან კონტაქტისთვის შეხვედრების ოთახი პირვანდელი სახით დაბრუნდეს. 


close დახურვა