ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 24 ივნისის აქციაზე "შულავერის კომიტეტის გამომზეურება" მოხდება.
"ჩვენ ვამბობდით, რომ ნაციონალური მოძრაობა გარკვეული საცეცებისგან შედგება: ეს არის თვითონ პარტია და აფილირებული პარტიები, მისი კუთვნილი არასამთავრობო ორგანიზაციები და მისი კუთვნილი მედიები. სწორედ ამ შემადგენლობით მოხდება შულავერის კომიტეტის გამომზეურება 24 ივნისს. რაც უკვე შეიქმნა ბაკურიანში, იმის გამომზეურება მოხდება", - თქვა კობახიძემ.
გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ გუშინ "ბაკურიანის გეგმა" გაახმოვანეს აქციაზე, სადაც მოქალაქეები ევროპული გზის მხარდასაჭერად მივიდნენ.
24 ივნისს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება.
აქციაზე შინ ევროპისკენ ორგანიზატორებმა მანიფესტი წაიკითეს და ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა დააანონსეს, რომელიც ყველა სფეროს წარმომადგენელს გააერთიანებს.