logo
ENG



კობახიძე სააკაშვილზე: სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული

02 ოქტ 202109:18
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე ამბობს, რომ სპეცოპერაციას თავისი წესები აქვს და კონფიდენციალობის დაცვა აუცილებელია. 

კობახიძის მტკიცებით, სწორედ ეს გახდა "სპეცოპერაციის წარმატების საფუძველი". 

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად. სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები. მათ შორის, იმისთვის, რომ სპეცოპერაციამ მიაღწიოს თავის მიზანს, კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით. ეს არის მარტივი წესები ნებისმიერი სპეცოპერაციისას და ეს წესები იყო დაცული. ოპერაციის წარმატების საფუძველი გახდა სწორედ ის, რომ სათანადოდ იყო დაცული ეს კონფიდენციალობა". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძე ასევე ამბობს, რომ "სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა"

"როცა ადამიანი ხვდება ციხეში, ეს, თავისთავად, არის მძიმე მოვლენა. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა იყო ხელისუფლებაში და თქვენ გახსოვთ მის მიერ, მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში მან ქვეყანა არ დაასვენა და ახლაც იმავეთი იმუქრებოდა. ის ჩამოვიდა იმისთვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გადატრიალებასთან და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედებები აღეკვეთათ". - თქვა მან. 

კობახიძისვე თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდის გაიგო მმართველმა გუნდმა სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რისი ამსახველი ვიდეო მასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს

თავად საკააშვილმა 1-ლი ოქტომბრის დილით გაავრცელა ვიდეო მიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება


close დახურვა