logo
ENG



კობახიძის აზრით, ზოგი ევროპარლამენტარი საქართველოში "მართლმსაჯულების პოლიტიზებას" ცდილობს

22 ოქტ 202113:45
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძის აზრით, ზოგი ევროპარლამენტარი საქართველოში "მართლმსაჯულების პოლიტიზებას" ცდილობს

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, კონკრეტული ევროპარლამენტარები საქართველოში "მართლმსაჯულების პოლიტიზებას" ცდილობენ და ამბობს, რომ "ასეთი მცდელობები წარმატებული ვეღარ იქნება".

"ერთი და იგივე ლობისტების მხრიდან, მათი სახელები და გვარები არ იცვლება, საქართველოში მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა. ცალკეულ შემთხვევებში, ეს მცდელობა სამწუხაროდ, იყო წარმატებული და ეს ხელს უწყობდა პოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში. გახსოვთ თქვენ რურუას, მელიას, უგულავას, ოქრუაშვილის შემთხვევა. ეს იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების უხეში მცდელობები. ასეთი მცდელობები ვეღარავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული საქართველოში", -თქვა მან.

კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარებმა სააკაშვილთან დაკავშირებით რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, ის "მინიმუმ 6 წელი ციხეში იჯდება".

"ჩვენ არავის, მათ შორის, არც კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც სინამდვილეში ნაცმოძრაობის ლობისტები არიან, აღარ მივცემთ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას. ამას დაესვა წერტილი. სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში, რაც არ უნდა თქვან მათმა ლობისტებმა", - ამბობს კობახიძე. 

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ევროპარლამენტარების წერილი ფორმულამ ექსკლუზიურად 14 ოქტომბერს გაავრცელა. წერილს 72 ხელმომწერი ჰყავს. ევროპარლამენტარებთან ერთად, მათ შორის არიან ლიეტუვის სეიმის წევრები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები.

ისინი აცხადებენ, რომ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე. 

გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა 19 ოქტომბერს გაავრცელეს კიდევ ერთი წერილი, სადაც აღნიშნავენ, რომ 

სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, სანამ მის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ: ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი, სანდრა კალნიტე.

მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ის 22-ე დღეა შიმშილობს.


close დახურვა