logo
ENG



კობახიძის მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის ჩანაცვლება არსებულ მდგომარეობას აუმჯობესებს

26 დეკ 202114:14
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძის მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის ჩანაცვლება არსებულ მდგომარეობას აუმჯობესებს

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება და 2 სხვა სამსახურით ჩანაცვლება დღეს არსებულ მდგომარეობას აუმჯობესებს. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეფუძნება და მიზნად გამოძიების მეტ დამოუკიდებლობას ისახავს. 

25 დეკემბერს, ტვ იმედის ეთერში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ერთი სამსახური ორით ჩანაცვლდება, რაც ნიშნავს, რომ კომპეტენციები არათუ იკვეცება, არამედ პირიქით, ფართოვდება. 

"არის აბსოლუტურად განსხვავებული ორი ფუნქცია, რომელიც თავმოყრილი არის ერთ უწყებაში - ერთი ეს არის პერსონალური მონაცემების დაცვა და მეორე - ეს არის გამოძიება. ამ ორ ფუნქციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, უფრო მეტიც, არის ინტერესთა კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, იყო ეს რეკომენდაცია, თუმცა მაშინ იყო პოლიტიკური მოცემულობა, რის გამოც გადაწყდა ერთიანად ასეთი სამსახურის შექმნა.

დღეს არის ალბათ დრო იმისათვის, რომ სათანადოდ გაიმიჯნოს ეს ორი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფუნქცია. ეს არის წმინდა სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი, რაც არის ინიცირებული, სამართლებრივადაც და ინსტიტუციურად არა მხოლოდ აბსოლუტურად გამართული, არამედ აუმჯობესებს დღეს არსებულ მდგომარეობას". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ გუშინ მედიიდან გაიგო. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ და მას თოლორაიას უწყების მიერ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს გაკეთებულ რამდენიმე მკაცრ განცხადებას უკავშირებენ. 


close დახურვა