logo
ENG



კოვიდინფიცირებული მამაკაცი საკარანტინო ზონიდან შეცდომით გაწერეს

03 ივნ 202012:11
3 წუთის საკითხავი
clock 2471

შეცდომით გაწერილი პაციენტი, რომელსაც ნინოწმინდაში ოჯახის წევრების გარდა, კიდევ 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი - მამაკაცი, რომელიც  ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, სახლში მას შემდეგ გაწერეს, რაც ანალიზის პასუხი უარყოფითი მოვიდა. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ მედიკოსებს ანალიზის პასუხები აერიათ და 44 წლის მამაკაცს კოვიდ-19 აღმოაჩნდა.

მამაკაცი რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, გუდაურის საკარანტინო სივრცეში 18 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მას ჩაუტარდა ტესტი, თუმცა პასუხები აირია და ინფიცირებული პაციენტი სახლში გაწერეს.

ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს, თუმცა მიმდინარეობს მისი კონტაქტების შესწავლა, რადგან სოფელში მას ბევრ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა.

„კარანტინის შემდეგ ადამიანს სიმპტომები არ ჰქონია. 2 ივნისს ინფორმაცია მივიღეთ, რომ შეცდომა მოხდა და მას აქვს ვირუსი. აუღეს ანალიზი და პასუხები ჯერ არ არის, ის თავს კარგად გრძნობს. სოფელში ორი დაკრძალვა იყო ამ პერიოდში და ყველანი დაკვირვების ქვეშ არიან. თუ პასუხი იქნება დადებითი, ვიმუშავებთ პროტოკოლის თანახმად", - ამბობს ტიგრან ეგოიანი.

ნინოწმინდაში აცხადებენ, რომ მამაკაცი წესების დაცვით იყო გადაყვანილი როგორც კარანტინში, ისე პასუხების გაგების შემდეგ სახლში. ეგორ თოროიანის თქმით, პაციენტს კონტაქტი ბევრ ადამიანთან ჰქონდა.

„ეს ადამიანი რუსეთიდან ჩამოვიდა. როგორც წესი, კარანტინში გადავიყვანეთ, 31 მაისს სახლში გავუშვით. არ ვიცით, მოხდა თუ არა შეცდომა - ვფიქრობ, ვირუსი არ აქვს, მაგრამ კონტაქტი ბევრთან ჰქონდა", - აცხადებს ეგორ თოროიანი.

ამ ეტაპზე  მამაკაცი იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო მის კონტაქტებს ტესტირება ჯერ არ ჩატარებიათ.


close დახურვა