logo
ENG



კომისიებმა ინსპექტორის სანაცვლოდ შექმნილი სამსახურების უფროსობის 3-3 კანდიდატი შეარჩიეს

04 თებ 202223:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/04/bl26lgpolmsouz2.jpg

საქართველოს მთავრობის ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. პერსონალურ მონაცემთა დაცცვის სამსახხურის უფროსის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქართული ოცნების ინიციატივის შედეგად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდგომ შეიქმნა.

 საკონკურსო კომისიებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე; ხოლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე შეარჩიეს. მთავრობის მეთაური საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე 2-2 კანდიდატს წარუდგენს.

კანდიდატები საკონკურსო კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, თითოეულთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეარჩია. კომისიის წევრებმა იმ კონკურსანტებს მოუსმინეს, რომლებმაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილეს და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად, შესაბამისი ვადების დაცვით წარადგინეს. ინდივიდუალური გასაუბრებები ჯამში 15-მდე კანდიდატთან ჩატარდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე გამოცხადდა.

საკონკურსო კომისიების თავმჯდომარეა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, რომელიც კომისიის წევრებმა, პირველ სხდომაზე, კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს.

საკონკურსო კომისიების შემადგენლობაში არიან:

მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

ანრი ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

ბაკურ აბულაძე - საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე;

გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემთხვევაში, აღნიშნულ შემადგენლობას ემატება ააიპ - „უფლებები საქართველოსგამგეობის თავმჯდომარე კარლო ნიკოლეიშვილი. – წერს საქართველოს მთავრობა

კომისიაზე კანდიდატების შერჩევის საკითხს გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, რომელიც წერს, რომ კომისიაზე ერთის გარდა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გაბედა გაეკრიტიკებინა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება.

30 დეკემბერს, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. დეპუტატებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. 

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.

მანამდე, 27 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა.  

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია

ამასთან, სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროვებაზე ინსპექტორის ჯარიმა სასამართლომ გააუქმა


close დახურვა