logo
ENG



კორეა ომის ზღვარზე - ფხენიანი სეულს სამხედრო მოქმედებების დაწყებით ემუქრება

16 ივნ 202021:18
3 წუთის საკითხავი
 

კიმ ჩენ ინის დამ მუქარა შეასრულა - ჩრდილოეთ კორეამ დღეს დილით სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა, რომელიც ფხენიანსა და სეულს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით გაიხსნა. ჩრდილო კორეა  სამხრეთს ფხენიანიდან გაქცეული დისიდენტების დახმარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სწორედ ამ ოფისის დახმარებით ავრცელებენ დისიდენტები  კიმ ჩენ ინის ხელისუფლების საწინააღმდეგო პროკლამაციებს. დღევანდელი ოპერაციის შედეგები მოსახლეობას სახელმწიფო ტელეარხით აცნობეს.

ფხენიანი სეულს სამხედრო მოქმედებების დაწყებითაც ემუქრება, თუ სამხრეთ კორეა დისიდენტების კამპანიას არ შეაჩერებს. ჩრდილო კორეის გენშტაბში აცხადებენ, რომ ამზადებენ სამოქმედო გეგმას და არჩევენ ადგილებს დემილიტარიზებულ ზონაში არმიის ქვედანაყოფების შესაყვანად. სამხრეთ კორეა ჩრდილოეთს საპასუხო ზომებით ემუქრება.

სამხრეთ კორეა დღევანდელი ინციდენტის შემდეგ მეზობელ იაპონიასთან და შეერთებულ შტატებთან აქტიურ კონსულტაციებს შეუდგა. იაპონიის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა საკუთარი ხალხი დაიცვას. ჩინეთი კი სეულსაც და ფხენიანსაც თავშეკავებისკენ მოუწოდებს. 

სამეკავშირეო ოფისის აფეთქებას გამოეხმაურა მოსკოვიც. ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის განცხადებით კრემლი ყურადღებით აკვირდება კორეის ნახევარკუნძულზე განვითარებულ მოვლენებს და მხარეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სამეკავშირეო ოფისი ორი წლის წინ საზეიმოდ გახსნეს. ოფისის მთავარი დანიშნულება კომუნიკაციის ხელშეწყობა იყო ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, რომლებსაც დღემდე არ აქვთ გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმება და უკვე 67 წელია ომის მდგომარეობაში არიან.


close დახურვა