logo
ENG



კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება - ქვეყნები უფრო მძიმე სცენარისთვის ემზადებიან

29 მარ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 
7juahksdhfb4211.png

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი ყოველ წუთს იზრდება, ქვეყნების უმეტესობა კი უფრო უარესი სცენარისთვის ემზადება. სახელმწიფო მეთაურები ღიად ამბობენ, რომ აპრილის პირველი ორი კვირა ყველაზე რთული იქნება.

დიდ ბრიტანეთში ერთი კვირის წინ დაწესებული მკაცრი ზომები შესაძლოა, მაისის ბოლომდე გაგრძელდეს. კარანტინის პერიოდის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების შესახებ ხელისუფლებამ მოსახლეობა უკვე გააფრთხილა. მინისტრთა კაბინეტში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად დაიცავს ხალხი სოციალური დისტანციის რეგულაციებს. კრიზისის გამწვავების შესახებ სპეციალური წერილი იზოლაციაში მყოფმა ბორის ჯონსონმა 30 მილიონ ოჯახს გაუგზავნა.

ვითარების გაუარესების მოლოდინშია ესპანეთი. ქვეყანაში საპოლიციო კონტროლი გაამკაცრეს. ახალი ზომების შესახებ ქვეყნის პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე გამოაცხადა. სასიცოცხლოდ აუცილებელი დაწესებულებების თანამშრომლების გარდა, ყველა სხვა მოქალაქეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სახლიდან გასვლა ეკრძალება. ესპანეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა რამდენიმე პროცენტით დაიკლო, თუმცა დაფიქსირდა გარდაცვალების რეკორდული რიცხვი. ერთ დღეში ვირუსს ესპანეთში 838 ადამიანი ემსხვერპლა.

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ მოსახლეობის გაკონტროლება ვერტმფრენებიდანაც დაიწყო. ქვეყანაში პანდემიის პიკისთვის ემზადებიან. ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ინფიცირების შემთხვევები 10 დღის შემდეგ შემცირდება. ამ დროისთვის კი იტალია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დაღუპულთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა. რომის პაპი მსოფლიოს ვირუსის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

საგანგებო ზომებს 15 აპრილამდე ახანგრძლივებს ოფიციალური პარიზი. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქვეყანა ყველაზე რთულ ფაზაში შედის. დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსს ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი პატრიკ დევეჯიანი ემსხვერპლა, რომელიც საფრანგეთის მთავრობაში ჟაკ შირაკისა და ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა.

გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა შეერთებული შტატების ყველაზე მეტად დაზარალებულ სამ რეგიონში. ნიუ-იორკის, ნიუ ჯერსისა და კონექტიკუტის მოსახლეობა ვალდებულია, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, მგზავრობისგან თავი შეიკავოს. დონალდ ტრამპი რეგიონებში კარანტინს გამოცხადებასაც გეგმავდა, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა.

8-მდე გაიზარდა კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რუსეთში. პრევენციის მიზნით დღეს პატრიარქმა კირილმა მოსახლეობას მოუწოდა, ეკლესიებში არ მივიდნენ და სახლებში ილოცონ. დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა კრემლის პრესსპიკერიც. დიმიტრი პესკოვი მარტის დასაწყისში წვეულებას დაესწრო, სადაც სტუმრებს შორის კორონავირუსით დაავადებული მომღერალი ლევ ლეშენკოც იმყოფებოდა.


close დახურვა