logo
ENG



კრამონი: ქართული ოცნება არ გმობს მოძალადეებს და ამით ახალისებს ძალადობას

05 ივლ 202121:15
3 წუთის საკითხავი
 
კრამონი: ქართული ოცნება არ გმობს მოძალადეებს და ამით ახალისებს ძალადობას

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მოქალაქეების უფლებები დაიცვას.

მისი თქმით, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებსა და ლგბტ+ თემს ფიზიკურად უსწორდება, მთავრობა კი ამ ყველაფერს უყურებს, ეს კანონის უზენაესობის დანგრევის საშიში პრეცედენტია.

"საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას ყველასთვის და სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ეს თავისუფლებები. როდესაც ძალადობრივი ჯგუფი სცემს ჟურნალისტებს და ლგბტ+ თემს და ამას მთავრობა უყურებს, ეს კანონის უზენაესობის დანგრევის საშიში ნიშანია.

როცა ქართველი ლიდერები, ქართული ოცნება, ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციის გარანტორის მანდატით მოქმედებდეს, სპეკულირებს ამ საკითხით და არ გმობს დამნაშავეებს, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას. რა გასაკვირია, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ან არ სურდა დაზარალებულების დაცვა", - წერს კრამონი Twitter-ზე.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

საელჩოები ხელისუფლებას ძალადობის აღკვეთისა და დამნაშავეთა გასამართლებისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა