კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც პესკოვი ამბობს, სააკაშვილის გადაადგილება მათი თემა არაა.
"მისმინეთ, სადაც სააკაშვილია, იქ ცირკია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცირკი არ წარმოადგენდეს საფრთხეს ნებისმიერი ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, სადაც ეს ბატონი იმყოფება. ღმერთს მადლობა, ეს ჩვენი საკითხი არაა", - თქვა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ და დაამატა, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის რისკს ვერ ხედავენ.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში იმყოფება.
"დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ", - წერს სააკაშვილი.
მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
"ეს არის ჩემი ბათუმი. ორში ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა ენმ-ს. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც მათ სატელიტებს. თუ ენმ არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან, პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი.
ისე მენატრებოდა აქაურობა...", - თქვა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და არც უკრაინა დაუტოვებია. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ ვიდეო ყალბია და ყოფილი პრეზიდენტი უკრაინულ კურორტზე - ტრუსკავეცში იმყოფება.