უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ გერმანიამ უკვე მიიღო ფუნდამენტური პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეწყვიტოს.
კულება ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა და შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გაავრცელა.
"ორი თვის წინ გერმანია ამბობდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო შეუძლებელი იყო. ახლა კი გერმანია არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ნავთობის ემბარგოს საკითხს წინ წევს. ბევრს ვსაუბრობდით გაზის ემბარგოზე. ჩემი აზრით, ფუნდამენტური პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება არის სერიოზული პრობლემა და ეს დამოკიდებულება უნდა გაწყდეს, - მიღებულია. გერმანიამ როგორც იქნა გაიაზრა, რომ რუსული გაზი არის იარაღი. იარაღი, რომელიც რუსეთს მუდმივად სხვის თავთან აქვს მიდებული, უკრაინის, გერმანიის და სხვა ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს თავთან", - თქვა კულებამ.