logo
ENG



ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

21 თებ 202017:21
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების კონსულტაციები მიმდინარეობს . მთავარი განსახილველი თემა საერთო მაჟორიტარები და „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული ინდივიდუალური მოლაპარაკებებია. დღეს მმართველ გუნდში თქვეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად ოპოზიციას ვადა თებერვლის ბოლომდე აქვს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლა არის, მისივე განცხადებით, პოლიტიკური ლიდერების დაჭერა საზოგადოების პროტესტს არ შეაჩერებს, არამედ პირიქით უფრო გააღრმავებს.

„თუ მოხდა რომ გონს მოეგნენ და გადადგეს ის ნაბიჯები, რაც მათთვის დიდი ხანია ცნობილია: რეპრესიების შეწყვეტა, პოლიტპატიმრების განთავისუფლება და საზოგადოების დაკვეთის შესრულება, რომ არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ, ეს არის კარგი ქვეყნისთვის და ჩვენ ვართ მოქნილები, ჩვენი მიზანი კრიზისის შექმნა კი არ არის. თუ არ მოეგებიან გონს და ამ სისტემით ჩაატარებენ არჩევნებს, დაიჭერენ პოლიტიკურ ლიდერებს ჩვენ ამ სცენარისთვის ვართ სწორედ მზად, 73 მაჟორიტარულ ოლქში საკვანძო ადგილებში მოხდება კოორდინირება, რამდენი ლიდერიც არ უნდა დაიჭირონ ეს ვერ შეაჩერებს საზოგადოების ბრაზს, პირიქით გააღრმავებს“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, მმართველმა პარტიამ თავად ააყირავა მოლაპარაკებების მაგიდა და ახლა სწორედ მათი გადასაწყვეტია სურთ თუ არა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ კრიზისიდან.

„რაიმე პოტენციური და თეორიული შეთანხმების ფანჯარაც კი იხურება, იმ კონსტიტუციური ვადებიდან გამომდინარე რაც არის, თუმცა ამ შემთხვევაში ბურთი მთლიანად არის ხელისუფლების მოედანზე, რადგან ივანიშვილმა ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა, რომელიც შეიქმნა ჩვენი საერთშორისო პარტნიორების მედიაციით, ამიტომ თვითონ უნდა გადაწყვიტონ სურთ თუ არა რაიმე დათმობა და სურთ თუ არა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ კრიზისიდან“,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე იმყოფებოდა, დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელიაც მისი განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას ელოდება.

„ჩვენ ველოდებით, რომ ამ დარჩენილ მოკლე დროში ხელისუფლებამ თქვას რისი შეცვლა შეუძლია. რაღაც რომ უნდა შეცვალონ და ასე რომ არ უნდა დარჩეს საარჩევნო სისტემა ამას ყველა აცნობიერებს. მოლაპარაკებები რო იმავე რეჟიმში არ გაგრძელდება ამას ყველა ხვდება, მაგრამ არ სჭირდება ამას მაგიდასთან ერთად სხდომა, ისედაც შეიძლება ითქვას რისი შეცვლა შეუძლია“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ოპოზიციური პარტიების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, მმართველი გუნდის ინიციატივაც იყო. ხელისუფლებამ მათ ოპონენტებს ინდივიდუალურად შეხვედრა და მოლაპარაკებები შესთავაზა.

პარტია „გირჩის“ წევრები შეხვდნენ „ქართული ოცნების“ წევრებს, როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, ინდივიდუალურად მმართველ გუნდთან შეხვედრა არაფერს ცვლის და საბოლოო ჯამში მმართველ გუნდთან პასუხი იქნება ის რაც ოპოზიციის ფარგლებში იქნება შეთანხმებული.

 „თუ ინდივიდუალურად ვიღაცეების გადაბირება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, ამას ინდივიდუალურად ლაპარაკით იზამს, თუ ტელეფონით დაურეკავს ან მიწერს ესემეს ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ ვიცით რა გვინდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ პროპორციული არჩევნები ან მასთან მიახლოებული არჩევნები გვინდა ეს ვიცით, აქედან გამომდინარე მე არ მაქვს წარმოდგენა იმის, რომ ინდივიდუალურად ვინმეს რომ შეხვდებიან ეს რამეს შეცვლის“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხელისუფლებასთან ინდივიდუალური შეხვედრების თაობაზე კომენტარი გააკეთა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ მისი განცხადებით, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების წარმოება შედეგს ვერ მოიტანს.

„იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო როგორიც იყო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, არამგონია, რომ რაიმე მოლაპარაკებები შედეგს მოიტანს. ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას ესმის მხოლოდ ძალის ხმა და მათ უნდა დავანახოთ ძალა და ეს ძალა არის ხალხში. მე მაქსიმალურად მობილიზებული ვარ იმისთვის, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აპრილის მნიშვნელოვანი აქცია წარმატებით ჩატარდეს“,-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა დაახლოებით 2 საათია გრძელდება, შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდება თუ რაზე შეთანხმდებიან ისინი.

შეგახსენებთ, ოცნებასთან მოლაპარაკებების საკითხის გარდა, შეკრების მთავარი თემა საერთო მაჟორიტარული კანდიდატების საკითხი იქნება.

 


close დახურვა