სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დგას.
ამ ვითარებაში ის რამდენიმე რეკომენდაციით და რჩევით გამოდის:
- "ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს (როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურს) შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა აცრების მხარდამჭერი კამპანია-აგიტაციის წარმოებაში!
- თვითმმართველობის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიები ჩადიან თითქმის ყველა სოფელში, ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი და ვფიქრობ, რომ აცრების მხარდამჭერი კამპანიის საწარმოებლად და ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად საარჩევნო კამპანიის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება!
- პარტიებს თავიანთი აქტივისტების და ოფისების მეშვეობით შეუძლიათ არა მარტო ინფორმაცია გაავრცელონ, არამედ, დაარეგისტრირონ კიდეც მოქალაქეები ბაზრებში, მარკეტებში და სხვა საჯარო სივრცეებში.
- პარალელურად, საჭიროა სწორი რეგულაციები, სამედიცინო პერსონალის/პედაგოგების/სერვისების მიწოდებაში ჩართული მოქალაქეების აცრა; ასევე, ყველა სახელმწიფო თუ არასაჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ დასაქმებული პირების აცრა უნდა წაახალისოს ან დაეხმაროს მათ რეგისტრაციაში!
- ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების ყოველდღიური ბრიფინგები, სადაც ისინი მოუწოდებენ და დაარწმუნებენ მოსახლეობას აცრების აუცილებლობასა და სარგებლიანობაში (შესაბამისი სტატისტიკის მითითებით)". - აცხადებს სახალხო დამცველი.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმვალობაში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.
3 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 523 466 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 428 670-მდე, ხოლო გარდაცვალება 5 910-მდე გაიზარდა.