პარტიული ღონისძიების ორგანიზება „ქართული ოცნების" იდეოლოგებმა საკუთარ თავზე აიღეს. გოგა ხაინდრავა და ლაშა ნაცვლიშვილი კოჯორში, ბიოლის ცენტრში ყველაზე ადრე მივიდნენ. მედია მხოლოდ ჯებირებს მიღმა დაიშვებოდა და მხოლოდ მათ ჩასაწერად, ვისაც ორგანიზატორები გადაწყვეტდნენ. ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს რესპოდენტებთან მისვლა აუკრძალეს. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე კი საკომუნიკაციო სიგნალიც ჩაიხშო.
პანდემიის შემდეგ ივანიშვილი დღეს პირველად გამოჩნდა - გამოსვლიდან ივანიშვილმა ერთი ნახევარი ოპონენტების კრიტიკას, მეორე კი პარტიულ დაპირებებს მიუძღვნა. აუდიტორია ტაშს თითქმის ყველა წინადადების ბოლოს უკრავდა. ხუთი წუთის განმავლობაში პარტიის ლიდერს ტაშით სიტყვა თექვსმეტჯერ შეაწყვეტინეს.
მოწვეულ სტუმრებში ინფექციონისტები მოწინავე ადგილს იკავებდნენ, მაჟორიტარობის კანდიდატებში კი კოვიდის წინააღმდეგ მებრძოლებიც მოხვდნენ - მათ შორის არის ექიმი ზაზა ლომინაძე - ის ქუთაისის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. პანდემიის პერიოდში აქტივობა დაუფასდა ბოლნისის გამგებელს გოგი მეშველიანს - ის დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტში დასახელდა.
სავარაუდოდ, ამ ნიშნით შეარჩიეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძეც, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში იბრძოლებს. ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტულობა აღმოჩნდა გადამწყვეტი დავით სეერგეენკოსთვის - ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და ბედს საბურთალოზე ცდის.
„ქართულ ოცნებას" პარლამენტში მოქმედი მერების, გამგებლებისა და 4 გუბერნატორის შეყვანაც სურს. მათ შორის არის გიორგი ხოჯევანიშვილი - მას გორი-კასპის მანდატისთვის ბრძოლა მოუწევს. დეპუტატობა აბაშა-წალენჯიხაში მოქმედი რწმუნებული - ალექსანდრე მოწერელია წარადგინეს, დეპუტატობა სურს ირაკლი ქადაგიშვილს და კახეთის მხარის რწმუნებულსა და მცხეთა მთიანეთის რწმუნებულს შალვა კერესელიძეს, რომელიც მცხეთა დუშეთსა და ყაზბეგში კანდიდატად დაასახელეს. მერობიდან პარლამენტში გადასვლას გეგმავს ზაურ დარგალი მარნეულის მოქმედი მერი, რომელიც მარნეულსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. დეპუტატობისთვის ამზადებენ პრემიერ-მინისტრის პრესპიკერსაც - ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მაჟორიტარად სურთ.
დავით სონღულაშვილი ერთადერთი ამბოხებული დეპუტატი აღმოჩნდა, ვისთვისაც მაჟორიტარობის კანდიდატებში ადგილი ჯერ კიდევ მოიძებნა. ივანიშვილისთვის შეუცვლელები აღმოჩნდნენ გია ვოლსკი , სამველ მანუკიანი, გივი ჭიჭინაძე, გოჩა ენუქიძე და პაატა კვიჟინაძე.
თბილისის მაჟორიტარობის მსურველთა ნაწილი კალაძის სამეგობროდანაა. მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილიც მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ. ამავე სიაში არის ვაკის მოქმედი გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში ჭავჭავაძის დასურულებელ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ვაკელების კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს და ბექა ოდიშარია, რომელიც საარჩევნო შტაბის ხელმღანელმა დღეს გამორჩეულად წარადგინა - მესამე თაობის თბილისელად.
კარგად ნაცნობ სახეებთან ერთად ჩამონათვალში რამდენიმე ახალიც მოხვდა. ძირითადად ბიზნემენები. მათი ბიოგრაფიებში სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნებისთვის“ შეწირულ თანხებთან ერთად სხვა ბევრი საინტერერსო დეტალია. მაგალითად, ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, რომელიც წარსულში „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმის ფიგურანტი იყო. ახალციხეში „ქართული ოცნების“ ინტერესებს ანტონ ობოლაშვილი დაიცავს - ფარმაცევტუული კომპანია „გლობალფარმის“ მფლობელი, რომელსაც წინა წლებში„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ვანო მერაბიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენად მოიხსენიებდნენ.
30 კანიდიდატში „ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს - ნინო ლაცაბიძე, ის რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად დაიწყეს. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. უახლოეს პერიოდში მმართველი პარტია საარჩევნო სიასაც წარმოადგენს. კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.
„ფორმულას" ინფორმაციით სწორედ აქ არის ადგილი ე.წ. ამბოხებულები დეპუტატების ნაწილისათვის, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებოდნენ.