წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათია-ს პრეზიდენტი, მარიამ ჯიშკარიანი, ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ პატიმარი სააკაშვილი ცალსახად გადასაყვანია სამოქალაქო ტიპის მულტიპროფილურ კლინიკაში, ვინაიდან ასეთია იმ კონსილიუმის დასკვნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ თავად შექმნა. სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმა კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება საკუთარი ექსპერტების რეკომენდაციას არ ასრულებს.
ჯიშკარიანი ამბობს, რომ N18 დაწესებულების საავადმყოფოს არ აქვს შესაბამისი რესურსები ხანგრძლივად მოშიმშილე სააკაშვილის სამკურნალოდ და ამ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, მის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
ის ამატებს, რომ გარდა არასაკმარისი რესურსებისა სააკაშვილის ამ დაწესებულებაში გადაყვანა შესაძლოა ღირსების შემლახველ მოპყრობადაც განიხილებოდეს, ვინაიდან საავადმყოფო მე-8 საპყრობილის ტერიტორიაზე იმყოფება და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტს, რაზეც სახალხო დამცველმაც დასკვნაშიცაა საუბარი.
"ამ რისკის ქვეშ [ხელისუფლება] ან თავის თავს რატომ აყენებენ ან რატომ აქვთ უფლება რომ დააყენონ ნებისმიერი პატიმარი ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი. თუ შევაფასებთ, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, პრაქტიკულად", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
ჯიშკარიანი სააკაშვილისთვის სამოქალაქო კლინიკაში ჰისპოტალიზაციაზე უარის მიღმა პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნებზეც საუბრობს. იმის გათვალისწინებით, რომ წელიწადში 500-ზე მეტი პატიმარია სარგებლობს სამოქალაქო კლინიკების მომსახურებით და პაციენტს აქვს უფლება აირჩიოს სამედიცინო დაწესებულება და მკურნალი ექიმი, მისთვის გაუგებარია, რატომ ეუბნება ხელისუფლება სააკაშვილს უარს.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მხნეობას პრინციპებისადმი რწმენა უდევს საფუძვლად. თუმცა ფიზიკური კეთილდღეობის კუთხით, მისი ჯანმრთელობა სერიოზული რისკების წინაშეა. შიმშილობის 30 დღის შემდეგ შეუქცევადი პროცესები განვითარების საშიშროება დგას.
"ეს არის სერიოზული გამოწვევა ჯანმრთელობის კუთხით. ის რომ თავს მხნედ გრძნობს ეს არის მხოლოდ, ასე ვთქვათ რწმენის საკითხი, ვინაიდან მას სწამს ის, რის გამოც შიმშილობს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი და შესაბამისად, ესაა ამ რწმენაზე დაყრდნობილი გამძლეობა ამჟამად. ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვიმყოფებით ყველა... ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი და ეს უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ, რომ ეს მთლიანად მათი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვიცით რომ ზღვარზე ვართ მისული და 30 დღიდან შესაძლებელია შეუქცევადი პროცესები განვითარდეს." - განაცხადა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათია-ს პრეზიდენტმა, მარიამ ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის 26-ე დღეა ციხეში შიმშილობს.
მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაზე ლაპარაკობენ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან შემდგარი კონსილიუმის წევრები და სააკაშვილის პირადი ექიმი.
ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა გამორიცხულია და რომ მას მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.