მარნეულში საპროტესტო აქცია დასრულდა. სოფელ შულავერთან რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი იმყოფებოდა. ის ადგილობრივებს გაესაუბრა და განუცხადა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ. როგორც სუბარმა აღნიშნა, პროცესი უკვე ხვალიდან დაიწყება.
მარნეულის 5 სოფელში საპროტესტო აქციები დილიდან მიმდინარეობდა. ყველაზე დაძაბული მდგომარეობა სოფელ შულავერთან იყო. ადგილობრივები აცხადებდნენ რომ ხელისფულება სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში არ ეხმარებათ. პროტესტის ნიშნად, რამდენიმე მოქალაქემ პროდუქტი გზაზე დაყარა და გაანადგურა.
აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაპირისპირებას მოხდა. თავდაპირველად ხმაური ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აქციას „მასკარადი“ და პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა. მოგვიანებით სიტყვიერი დაპირისპირება ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოხდა.
აქციის ორგანიზებაში „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ და ოპონენტებს მოუწოდა, „ცეცხლს ნუ ეთამაშებიან“. კობახიძის განცხადებას პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ უპასუხა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მისი პარტიის წარმომადგენელი ადგილზე ვითარების განმუხტვისთვის მივიდა. მმართველი გუნდის ბრალდებას „ნაციონალური მოძრაობის“ თამვჯდომარე რომან გოცირიძეც გამოეხმაურა.
„ამ ხალხს უნდა მისცემოდა საკუთარი შრომის ნაყოფის რეალიზების საშუალება და როგორც მოხდა სტიქიური საპროტესტო გამოსვლა. რაც შეეხება ჩვენს წარმომადგენელს მარნეულში, ის პირიქით მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს დაშლისა და საგანგებო მდგომარეობის დაცვისკენ. ხელისუფლება როდესაც არავითარ სერიოზულ ეკონომიკურ პროექტებს არ გვთავაზობს, ის შეეფეთება მსგავს შემთხვევებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები თითქმის 1 თვეა მკაცრ საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული. დაწესებული შეზღუდვების გამო, ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციის კუთხით პრობლემები შეექმნათ. აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების მიუხედავად, აქციაზე დღეს ათობით ადამიანი მივიდა და დაწესებული რეკომენდაციები პრაქტიკულად, დაცული არ ყოფილა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობას არც პირბადე და არც ვირუსისგან დაცვის სხვა საშუალებები ჰქონდა.