logo
ENG



მედია: საქართველოს ელჩი ესტონეთში საგარეო სამინისტროში დაიბარეს

08 მარ 202319:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/08/8rjqyx0nisimphy.jpg

ესტონეთის მედია წერს, რომ საქართველოს ელჩი ესტონეთში საგარეო სამინისტროში დაიბარეს, რათა საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მხარდაჭერაზე შეშფოთება გამოხატონ.

"საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების შესახებ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ.

მისი თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის აუცილებელი 12 პრიორიტეტის შესრულების წინააღმდეგაა.

ფორმულა გავრცელებულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ამოწმებს - პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.


close დახურვა