კარტოგრაფების საქმეზე საპატრიარქოს განცხადებას ივერი მელაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირები, დავით გარეჯზე ისეთი განცხადებების გაკეთებას უნდა მოერიდონ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს:
"ეს იქნება პოლიტიკოსი, ეს იქნება ერის კაცი თუ ბერი, არაკორექტულ განცხადებას, რომ გააკეთებს, ამან საზიანოდ არ უნდა იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებზე.
როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, უნდა ვაცადოთ. ძალიან დინჯად უნდა იღწვოდეს ქვეყანა თავის მიზნის მისაღწევად.
ერთი ეს რომ მიზანი არის ჩვენი და მეორე არის ის, რომ ეს წინასწარი განცხადებები და აჟიტირება ამ განცხადებების უაღრესად ზიანის მომტანია",-ამბობს ივერი მელაშვილი.
საქართველოს საპატრიარქო დაკავებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას გუშინ, 29 იანვარს გამოეხმაურა. განცხადებაში საპატრიარქო წერს, რომ "სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი... კელიებთან პოზირებას დაიწყებს", შეურაცხმყოფელია".
კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 28 იანვარს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიება მათ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
კარტოგრაფების დაკავებამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათ წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ არაერთხელ უწოდა კომისიის მუშაობას მოღალატეობრივი.
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა".
ბრალდების მხარის მიერ სწორად მიჩნეული რუკის არასწორობა დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ მიეცათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, დაიღრვა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. ამასთან დაკავშირებით დარღვევა სახალხო დამცველმა დაადგინა. პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ ამაზე მოკვლევას დაიწყებს.