ნიკა მელიას განცხადებით, პარტია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, რაც რეგიონებში ამომრჩეველს შეხვდება. პირველი შეხვედრა თელავში გაიმართა.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სწორედ თელავიდან დაიწყება ოლიგარქიის წინააღმდეგ კამპანიაც.
„მიმაჩნია, იყო სწორი გადაწყვეტილება და ის, რომ დღეს ვართ თელავში, არის ნაწილი ჩემ მიერ წარმოდგენილი მოკლევადიანი გეგმის. შეუძლებელი, დაუშვებელი და მიუღებელი იქნებოდა, ციხიდან გამოსვლისთანავე მიმეღო გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, მქონდეს მჭიდრო ურთიერთობა საზოგადოებასთან, ჩვენს მხარდამჭერებთან, რომ ისინი იყვნენ პროცესში ჩართულები ამ გადაწყვეტილების მიღებისას. არაერთი გადაწყვეტილება იქნება მისაღები სხვადასხვა მიმართულებით.
გადაწყვეტილება როგორც კი გამოცხადდება, ვაპირებ მთელ საქართველოში მაღალი ტემპით კამპანიის ჩატარებას - არა ტრაფარეტულად, მართლა, პირდაპირი გაგებით ყველა სოფელში მინდა შესვლა. თუ ვთანხმდებით, რომ ეროვნული უსაფრთხოების, სოციალური უსაფრთხოების საფრთხეა ოლიგარქია, ამასთან შემრიგებლობა არ შეიძლება. ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება, ნახევარი ძალებით ბრძოლით ოლიგარქს ვერ დაამარცხებ. თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როცა დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი. ამის პირობას ვდებ", - ამბობს ნიკა მელია.
ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ პარტიაში ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციებზე ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილთანაც იმყოფებოდა.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა.
შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა ენმ-სთვის. პარტიიდან წინადადებას მხოლოდ სალომე სამადაშვილი დათანხმდა, შემდეგ კი ენმ ფაქტობრივად დატოვა.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს.
ენმ-სთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვისაც მიუღებელია ამნისტიის ნაწილი, რომელიც მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა.
წინადადებაში წერია, რომ "შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს".
2 საქმე გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებს მოიაზრებდა. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი ციხიდან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.